მიმოხილვა
ბანკი "რესპუბლიკა” ერთ–ერთი უძველესი ქართული კერძო ბანკია, რომელიც დაფუძნდა 1991 წელს. ბანკი "რესპუბლიკა” წამყვანი კომერციული ინსტიტუტია, რომელიც სწრაფად აფართოვებს კორპორაციულ და საცალო საბანკო საქმიანობას და ფინანსურ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით. ბანკში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. ბანკი კლიენტებს 37 ფილიალისა და სერვის-ცენტრის მეშვეობით ემსახურება.
2006 წელს ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი” გახდა ბანკის აქციების 60%-ის მფლობელი. 2009 წელს ჯგუფმა თავისი წილი 80%–მდე გაზარდა. "სოსიეტე ჟენერალის” გლობალური ცოდნა და კომპეტენცია ბანკ "რესპუბლიკის” ყველაზე ძლიერი მხარეა. ბანკი თანაბრად აქტიურია როგორც კორპორაციული, ასევე საცალო საბანკო საქმიანობის კუთხით და გასწევს ნებისმიერი სახის საინვესტიციო საბანკო მომსახურებას "სოსიეტე ჟენერალის” ჯგუფის ფარგლებში. ბანკი აქტიურია იპოთეკური და სამომხმარებლო დაფინანსებისა და მიკროდაკრედიტების კუთხით და დახმარებას უწევს მცირე საწარმოებს არამხოლოდ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.
2010 წელი მეტად საინტერესო წელი იყო საბანკო სექტორისთვის, რომელიც გამოირჩეოდა მარკეტინგული აქტივობით კომერციული პოზიციის გაძლიერებისა და ახალი პროდუქტების ხელშესაწყობად.
ბანკი „რესპუბლიკა“, როგორც საბანკო ინდუსტრიის აქტიური წევრი, საინტერესო სტრატეგიას ახორციელებს, სთავაზობს რა კლიენტებს ხელსაყრელ და ინოვაციურ პროდუქტებს. 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისიდან ბანკმა მნიშვნელოვნად გაამარტივა საკრედიტო პირობები და წარადგინა ყველაზე დაბალი განაკვეთები საქართველოს ბაზარზე, რაც საზოგადოების მიერ შეფასდა, როგორც „ძალზე პოზიტიური კამპანია“. ყოველივე ეს დადასტურდა კამპანიის პოპულარობით და წარმატებით აისახა ბანკის საკრედიტო პორტფელის ზრდაზე. ბანკი „რესპუბლიკა“ საზოგადოებას კიდევ მრავალ საინტერესო, სასარგებლო და მიმზიდველ პროდუქტებს წარუდგენს.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბანკ „რესპუბლიკისთვის“კვლავაც ერთ–ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. ბანკი რეგულარულად ახორციელებს მრავალ სოციალურ პროექტს საზოგადოების კეთილდღეობის მხარდასაჭერად.
თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD), როგორც ბანკ „რესპუბლიკის“ აქციონერი (10%), 2006 წლიდან ყოველთვის მნიშვნელოვნად მონაწილეობდა ბანკის განვითარებაში. წლების განმავლობაში ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) სხვადასხვა დანიშნულების საკრედიტო ხაზებს აწვდიდა ბანკ „რესპუბლიკას“ (სუბორდინირებული ვალის ჩათვლით) და ახორციელდებდა ტექნიკური დახმარების რამდენიმე პროექტს ბანკის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მიმართულებით.
2010 წლის განმავლობაში ბანკ „რესპუბლიკას“ არ მოუწერია ხელი რაიმე ახალ საკრედიტო ხაზზე ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან (EBRD), თუმცა, ბანკ „რესპუბლიკის“ ძველმა პარტნიორმა საანგარიშო წლის ივლისის თვეში მონაწილეობა მიიღო ბანკის კაპიტალის ზრდაში.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ბანკ „რესპუბლიკასთან“ 2005 წლიდან თანამშრომლობს, რაც ბანკმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკონსულტაციო პროექტში კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით. მას შემდეგ წლების განმავლობაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ბანკს რამდენიმე საკრედიტო ხაზი (42 მილიონი აშშ დოლარის მთლიანი მოცულობით) გამოუყო, რომლებიც გამოყენებულ იქნა საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებების დასაფინანსებლად: იპოთეკური სესხები, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება, სტუდენტური სესხები და ასევე სუბორდინირებული ვალი (2008), რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა ბანკის მეორადი კაპიტალი.
2010 წლის ივნისში ხელმოწერილ იქნა ერთი ახალი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით. აღნიშნული 5-წლიანი საკრედიტო რესურსის დანიშნულებაა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და ენერგოეფეტურობის ქვეპროექტების დაფინანსება.
ევროპის საინვესტიციო ბანკი
2010 წელს დაიწყო ბანკ „რესპუბლიკის“ და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) თანამშრომლობა. დეკემბერში EIB-მა ბანკს 46 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი გამოუყო, რომლის მიზანი, უპირველესად, მცირე და საშუალო სიდიდის კომპანიების მხარდაჭერაა. ეს რესურსი გამოყენებულ იქნება ბანკის შესაბამისი პორტფელის ზრდის დასაფინანსებლად 2011 და 2012 წლების განმავლობაში. ბანკ „რესპუბლიკისთვის“ საკრედიტო ხაზი ამ ტიპის დაფინანსებისთვის უპრეცედენტოდ გრძელი ვადით (10 ან 15 წელი, ტრანშის მიხედვით) გამოირჩევა და უდავოდ გააუმჯობესებს ბანკის უნარს, შესთავაზოს გრძელვადიანი დაფინანსება მცირე და საშუალო სიდიდის კორპორაციულ კლიენტებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი იყო არა მარტო პირველი გარიგება ბანკ „რესპუბლიკასა“ და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის, არამედ პირველი სესხი საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკზე.